ულტრანაციონალისტური პროპუტინული პარტია ქართული მარშის წევრებმა დავით გარეჯთან აქცია გამართეს.
მათმა ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ თქვა, რომ ეს "გამაფრთხილებელი" აქციაა და ათ დღიან ვადას აძლევს აზერბაიჯანის ხელისუფლებას, რომ "ახლად აღმოჩენილი გარემოებების, ანუ რუკების გაცნობის შემდგომ მიიღონ მეგობრული გადაწყვეტილება და შეიარაღებული რაზმები გაიყვანონ ჩვენი წმინდა ტერიტორიებიდან, დავით გარეჯიდან".
იმ შემთხვევაში, თუ ეს ულტიმატუმი არ შესრულდება, ის აპირებს, "ჯიბეებში ხელებ ჩაწყობილი" გადავიდეს "მისი ქვეყნის ძირძველ ტერიტორიაზე".
ბრეგაძისვე თქმით, მელაშვილისა და ილიჩოვას დაპატიმრებას "შედარებით არასერიოზულად უყურებს" და მიხეილ სააკაშვილისა და გრიგოლ ვაშაძის პასუხისმგებლობის დადგომას ითხოვს:
"ეს ადამიანები რომ საქართველოს საზღვრის ბედს ვერ გადაწყვეტენ, ეს ცხადზე ცხადია. პირველ რიგში, უნდა დადგეს საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის და საგარეო საქმეთა მინისტრის, ბატონი ვაშაძის პასუხისმგებლობის საკითხი. თუ ამ ადამიანებმა გაყიდეს თავიანთი სამშობლო, მაშინ მათ მიიღეს ბრძანება ზემოდან. ზემოდან ბრძანებას ისინი მხოლოდ და მხოლოდ პრეზიდენტის დონეზე მიიღებდნენ", - განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.
დავით გარეჯის თემაზე პრორუსული ჯგუფები ხშირად აქტიურობენ. მათ შორის, თავდაპირველად სწორედ ასეთმა პოლიტიკურმა პარტიამ - პატრიოტთა ალიანსმა - მოითხოვა დავით გარეჯის საზღვრის დამდგენი კომისიის საქმიანობის შესახებ გამოძიების დაწყება.
გამოძიება, პროკურატურის ცნობით, თავდაცვის სამინისტროსგან მიღებული წერილობითი ინფორმაციის საფუძველზე, 17 აგვისტოს დაიწყო.
8 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის კომისიის ყოფილ წევრებს, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.